ბაირახტარი: საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა იწყება

ბოლო თვე-ნახევარში საწვავზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა პირდაპირ კავშირშია პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენტდენციასთან - თვლის ეკონომისტი.
Sputnik

საკვებ პროდუქტებზე ფასები უკვე იზრდება და მომავალშიც გაიზრდება, თუ საწვავმა გაძვირება განაგრძო, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.

„საწვავის ფასის ზრდა ნიშნავს ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე გარკვეული რაოდენობით ფასის მატებას, რადგან ყველა პროდუქტს აქვს თავისი ხარჯები, მათ შორის ტრანსპორტირების, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასთან", – აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში საშუალოდ ერთი ლიტრი ბენზინი „სუპერი“ 2,50-2,60 ლარი ღირს, „პრემიუმი — 2,33-2,47 ლარი, „რეგულარი“ — 2,23-2,38 ლარი, ევრო დიზელი — 2,33-2,49 ლარი, დიზელი — 2,33-2,44 ლარი.

პაატა ბაირახტარის გაანგარიშებით, ნავთობპორდუქტების ბაზარზე საწვავის ფასი ბოლო თვე-ნახევარში სამჯერ გაიზარდა.

თავიდან ფასების ზრდა მსოფლიო ბაზარზე არსებულმა ტენდენციებმა გამოიწვია.

საქართველოში ბენზინი გაძვირდა: მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა

„მსოფლიო ბაზარზე მაშინ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ნავთობის ფასის ზრდას, მაგრამ ეს ყველაფერი დროში იმდენად დაემთხვა ერთმანეთს, რომ, დიდი ალბათობით, საქმე გვქონდა ხელოვნურ პროცესებთან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციაა", – თქვა პაატა ბაირახტარმა

შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდას ადგილი რამდენჯერმე ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობი, პირიქით, გაიაფდა.

„რატომ არ იკლებს საქართველოში ბენზინის ფასი მსოფლიო ბაზრის პარალელურად? – ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს, პირველი: კომპანიები ამბობენ, რომ მათ აქვთ მარაგები, რომლებიც შეძენილია ძველი ფასით და სანამ არ ამოწურავენ, ისინი ფასებს ვერ გააიაფებენ, მაგრამ აქ ჩნდება მაშინ ლოგიკური კითხვა – სად იყო ეს მარაგები მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდებოდა?" – აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

რა თქმა უნდა, კომპანიებს მართლაც აქვთ ეს მარაგები, მაგრამ ისინი უსასრულო არ არის.

პანიკის გარეშე! გაგებით მოეკიდეთ! თქვენ კიდევ უფრო გაღარიბდით!..

„თუ გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ნავთობის ფასები მცირდება და უახლოეს მომავალში ეს პროცესები გაგრძელდება. ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია ეს ჩვენ ბაზარზეც არ აისახოს, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კომპანიები, ვერ განვსაზღვრავთ, იმდენად, რამდენადაც ისინი მხოლოდ თავიანთი მადის გათვალისწინებით მოქმედებენ", – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება იმის პროგნოზირება, თუ რა ეღირება ბენზინი და დიზელი უახლოეს პერიოდში.

ნავთობპროდუქტების ბაზარზე დღეს ძირითადი სუბიეტები არიან „ვისოლი", „რომპეტროლი", „სოკარი", „ლუკოილი", „გალფი“.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიმდინარე წლის მაისში ნავთობპროდუქტების რეალიზატორი კომპანიები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის ჯამში სამ მილიონამდე ლარით დააჯარიმა.

 

ნატა პატარაია