თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა შემცირდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე 14 ივნისს წარადგინა. მთავრობის ყველა წევრი ჯერჯერობით მოვალეობის შემსრულებელია.
მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს მიმართა თხოვნით, შემჭიდროებულ ვადაში, უახლოეს ორ დღეში განიხილოს და დაამტკიცოს სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა იმ ცვლილების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება პრემიერ-მინისტრის შეცვლას. ხოლო ვინაიდან სამინისტროების რაოდენობის შემცირება ცვლილებებს მოითხოვს კანონმდებლობაში, პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს სთავაზობს – მთავრობის ახალი პროგრამის, ახალი სტრუქტურისა და მინისტრობის კანდიდატების განხილვა მოხდეს ორ–სამი კვირის შემდეგ.
მედია: ვინ ვერ მოხვდება საქართველოს ახალ მთავრობაში>>>
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ახალ პროგრამაში მთავარი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფცია იქნება, რაც გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს. აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში ცვლილებები შეეხება 6 სამინისტროს და მათი რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.
„ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით ორი–სამი კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსტულაციები პარლამენტში, ეს პროცედურა – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძეს არ დაუსახელებია არც კონკრეტული მინისტრები, რომლებიც ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არ იქნებიან და არც ის სამინისტროები, სადაც ცვლილებებია დაგეგმილი. როგორც მან განაცხადა, მთავრობაში რამდენიმე ახალი სახე იქნება.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრები არ იქნებიან დიმიტრი ქუმსიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), თეა წულუკიანი (იუსტიციის სამინისტრო), მიხეილ ჯანელიძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო), მიხეილ ჩხენკელი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის სამინისტრო).
უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამისათვის პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.