თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პროექტი „ი. ნ. კ. ლ. უ. ზ. ი. ა. – 10 ფოტოგრაფის 10 ისტორია“ (Inclusion: 10 stories by 10 photographers) — ეს არის 10 ფოტოხელოვანის მიერ ინკლუზიური განათლებისა და კულტურის პრობლემატიკის ხედვა.
ფოტოექსპოზიციაში, რომელიც 20 ივნისს ღია ცის ქვეშ თბილისის ღვინის უბანში (პეტრიაშვილის, 1) გაიხსნება, მონაწილეობას მიიღებენ ფოტოგრაფები გურამ ციბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ნატა სოფრომაძე, თაკო რობაქიძე, ეანა კორბეზაშვილი, გიორგი გოგუა, ლელი ბლაგონრავოვა, დინა ოგანოვა, მარიამ ჯანაშია და იან მაკნაიტ დევისი.
ფოტოგამოფენის გახსნაზე წარდგება მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე (NIKAKOI) და პარაორკესტრი. საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებს ამერიკული საერთაშორისო ჯგუფი ILL-Abilities, რომელიც სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებს აერთიანებს.
გამოფენა გაიმართება აშშ-ის საელჩოს, ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), ასევე თბილისის ფოტოფესტივალის (Tbilisi Photo Festival) მხარდაჭერით.
ღონისძიება ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართება და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას სოციუმში ინკლუზიური ინტეგრაციის პრობლემების შესახებ.