„ქართული ოცნების“ დეპუტატს „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე გირაო შეეფარდა

დეპუტატი ტარიელ აროშიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ „ქართული ოცნების" დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ოზურგეთში 15 ივნისს მოხდა. ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში მოხდა.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს სამუშაო ადგილზე გაუსწორდნენ

მოსამართლე მარინა კიკნაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა. სასამართლო პროცესს დაზარალებული არ ესწრებოდა.

დეპუტატი ტარიელ აროშიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.

წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება.

ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა >>

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი  ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტარიელ აროშიძეს ემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.