საპროტესტო აქცია ვაკეში: მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს კორპუსის სიმაღლეც და მათ საცხოვრებელ სახლთან მშენებლობის ტერიტორიული სიახლოვე.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ვაკეში მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქცია დღეს ჭავჭავაძის 33 ნომერში გაიმართა. აქციის მონაწილეები კორპუსის გვერდით განახლებულ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს კორპუსის სიმაღლეც და მათ საცხოვრებელ სახლთან მშენებლობის ტერიტორიული სიახლოვე.

„ბინის მშენებლობა დაიწყო ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე. გაზგამანაწილებელი, რომლისგანაც შენობა დაშორებული იყოს სულ მცირე 10 მეტრით მაინც, მიბჯენით არის. ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება. მერიას მიცემული აქვს ისეთი მითითება, რომ აშენდეს შენობა და 18 თვის შემდეგ მოხდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ამას პირველკურსელი არქიტექტორიც არ გააკეთებს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ანდრიაძე.

აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობის ნებართვა გაიცა გიგი უგულავას მერობის დროს. მშენებლობა სასამართლო დავების შემდეგ რამდენჯერმე შეჩერებული იყო, თუმცა კახა კალაძის მერობის დროს ისევ განახლდა.

ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობა კახა კალაძესთან ან მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე იმყოფებოდა მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.