მედია: ვინ ვერ მოხვდება საქართველოს ახალ მთავრობაში

რეიტინგული ქართული ტელეარხები ერთხმად აცხადებენ, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ საკუთარ პოსტებს დატოვებენ ეკონომიკის, კულტურის და საგარეო საქმეთა მინისტრების ამჟამად მოვალეობის შემსრულებლები
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე თანაპარტიელებთან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“ მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს, მანამდე კი ქართულ მედიაში პროგნოზები კეთდება.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს >>

„ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე ხუთშაბათს დაასახელა, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან რამდენიმე საათში. ამჟამად მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია. ახალი პრემიერი და მთავრობა საქართველოს 13 დღის განმავლობაში ეყოლება.

ტელეარხ TV Pirveli-ს მონაცემებით, ბახტაძის მთავრობაში არ იქნებიან დიმიტრი ქუმსიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), თეა წულიკიანი (იუსტიციის სამინისტრო), მიხეილ ჯანელიძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო), მიხეილ ჩხენკელი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

რას გვპირდება საქართველოს მომავალი პრემიერი

ამასთან TV Pirveli ამტკიცებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრი გახდება.

თავის მხრივ, ტელეარხი Rustavi2 მიიჩნევს, რომ ქუმსიშვილის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს, ამჟამინდელი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი), ან თანაინვესტირების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

ცქიტიშვილის წასვლის შემთხვევაში რეგიონალური განვითარების მინისტრის პოსტი მისმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ შეიძლება დაიკავოს.

Rustavi2 თვალსაზრისით, შეიცვლებიან კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. საგარეო უწყებას სათავეში აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე შეიძლება ჩაუდგეს.

ტელეარხი Imedi ვარაუდობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე დატოვებს თანამდებობას. თუმცა, ამ ტელეარხის მონაცემებით, მას არა დავით ბაქრაძე, არამედ მისი მოადგილე დავით ზალკალიანი შეცვლის.

მამუკა ბახტაძე: ჩემი ხედვა – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა

გარდა ამისა, Imedi აანონსებს მიხეილ გიორგაძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის წასვლას. ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტად დანიშვნის შემდეგ ვაკანტური გახდება, ბახტაძის ამჟამინდელმა მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ შეიძლება დაიკავოს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც შვიდი დღე ჰქონდა საიმისოდ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ახალი პრემიერის კანდიდატურა პარლამენტისთვის წარედგინა, ეს პარასკევს, კვირიკაშვილის გადადგომიდან ორ დღეში გააკეთა.

დღეისათვის ბახტაძეს ექვსი დღე აქვს დარჩენილი, რათა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა განსაზღვროს და სამთავრობო პროგრამის პროექტი მოამზადოს. შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტი ამ მონაცემებს გაეცნობა და ნდობას გამოხატავს. ამისათვის პარლამენტის დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა არის საჭირო.