„არასრულწლოვნებმა კარი ქვით შეამტვრიეს“ - „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელი გაქურდეს

მაღაზიის გაძარცვა პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო სამი დღის განმავლობაში „ბეკოს“ ორი მაღაზია გაქურდეს.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში არასრულწოვნებმა Beko-ს მაღაზია გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს გამთენიისას ვაჟა-ფშაველას 39 ნომერში მოხდა. დამნაშავეებმა კარი ქვით შეამტვრიეს. სალაროდან წაღებულია 4500 ლარი და ასევე, ჯამში 15 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.

მაღაზიის გაძარცვა პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო სამი დღის განმავლობაში, „ბეკოს“ ორი მაღაზია გაქურდეს. 

გურიაში ებრაელი ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღეს

მაღაზიათა ქსელის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ხატია ტყებუჩავას განმარტებით, ანალოგიური შემთხვევა 13 ივნისს, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე „ბეკოს“ მაღაზიაში მოხდა.

სამართალდამცველებისთვის დაუდგენელმა პირებმა, იმ დღეს, მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთები და სალაროდან 2 ათასი ლარი გაიტაცეს.

„ორივე ქურდობის ფაქტი ერთი ხელწერით განხორციელდა. ორივე შემთხვევა დილით, გამთენიისას მოხდა და მაღაზიიდან ერთი და იგივე ნივთებია წაღებული. სათვალთვალო კამერებიდან ნათლად ჩანს, რომ ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. სავარაუდოდ, მათ უკან სხვა დგას“, — განაცხადა ტყებუჩავამ.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა“) მიმდინარეობს.