სადაზღვევო კომპანიამ „გიგის წვენების“ ჯიხური 20 ათასი ლარით დააზღვია

ჯიხური გასულ თვეს დაუდგენელმა პირებმა უკვე ორჯერ გაქურდეს
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „გიგის წვენების“ ჯიხურის გაძარცვის შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ „ჯი პი აი“ პატარა მეწარმეს გიგი ანთაძეს 20 ათასი ლარის ღირებულების სადაზღვევო პოლისი გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გიგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისი საქმიანობით თბილისის მერი კახა კალაძე დაინტერესდა. უკანონო გარე ვაჭრობასთან ბრძოლის მორიგი ტალღის გამო ბიჭმა კინაღამ დაკარგა თავისი მცირე ბიზნესი, მაგრამ კალაძემ გიგის დედის თხოვნა გაითვალისწინა ეს არ დაუშვა. თბილისის მერიამ „მზიურის“ პარკში გიგისთვის ადგილი გამოყო და ჯიხური გადასცა, სადაც მან ახალგამოწურული წვენებით ვაჭრობა გააგრძელა.

„მზიურში“ გიგი ანთაძის ჯიხური გაქურდეს

მზიურის პარკში მდებარე „გიგის წვენების“ ჯიხური გასულ თვეს დაუდგენელმა პირებმა უკვე ორჯერ გაქურდეს. ჯიხურის მფლობელის, 15 წლის გიგი ანთაძის განცხადებით, მას ნავაჭრი თანხა 70 ლარი უცნობმა პირებმა დახლიდან მოპარეს. ამავე ჯიხურიდან რამდენიმე კვირის წინ წვენის საწური აპარატი მოიპარეს.

გიგის თქმით, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე კამერები არ აყენია, პოლიციისთვის არ მიუმართავს და აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებული არავინაა.

ცოტა ხნის წინ კომპანია Gulf Georgia-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია გიგის ახალ წვენსაწურ აპარატს შეუძენდა და დაზიანებულ ჯიხურს შეაკეთებდა.

15 წლის გარემოვაჭრე გიგი ანთაძეს თბილისის მერია ჯიხურს ჩუქნის >>

გიგი რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ გამზირზე სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობდა. შემდეგ კი დახლიდან ფრეშ-წვენებს ყიდდა, ხოლო აპრილის დასაწყისიდან გიგის ახალგამოწურული წვენები უკვე ახალ ჯიხურში იყიდებოდა.