ტყიბულში ნახშირის მაღაროები შეიძლება გაჩერდეს

კომპანია მიიჩნევს, რომ ნახშირის ბიზნესში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მცდარი იყო
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“), რომელიც ტყიბულში ნახშირმომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ თანამფლობელია, არ გამორიცხავს, რომ საწარმოდან გავა იმ ზარალის გამო, რომელსაც კომპანია განიცდის, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.

ტყიბულის შახტის უსაფრთხოებას უცხოელი ექსპერტები შეაფასებენ >>

კომპანიამ ტყიბულში საქმიანობა 2008 წლიდან დაიწყო. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ იმ, დროიდან თავი ბევრმა სირთულემ იჩინა. პრობლემის მოგვარება ხშირად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს „ინდუსტრიული ჯგუფი” გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და დარწმუნებული აღარ არის, რომ ტყიბულში საქმიანობის გაგრძელება კვლავ სურს.

„იმ შემთხვევაში თუ „საქნახშირი“ გაჩერდება,  სახელმწიფოს მოუწევს პროდუქტის სრულად იმპორტით ჩანაცვლება. ჩვენი რეალიზაცია წლის განმავლობაში დაახლეობით 200-250 ათას ტონას შეადგენს და თითქმის 40 მლნ. ლარის ოდენობას გულისხმობს.  ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩადებული ინვესტიცია და მოგება სრულად შეუსაბამოა და პირველი შეცდომაც კომპანიამ ალბათ მაშინ დაუშვა, როცა აღნიშნული საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.  ის კაპიტალდაბადება, რაც იყო გაწეული, ალბათ ვერასდროს ვერ ნახავს იმ უკუგებას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო ამ ბიზნესპროექტში. ხოლო, თუ გავედით ბაზრიდან, საუბარია 80-90 მლნ. ლარ ზარალზე“, — განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

რას მოითხოვენ ტყიბულელი მეშახტეები „საქნახშირისგან“

მთავარ პრობლემად გელენიძე ასახელებს იმას, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს, შესაბამისად, ვერ იღებს მოგებას. მეორეა აღებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც, რისკების მინიმალიზაციის მიუხედავად, მაინც მკვეთრად მაღალია. მესამე პრობლემაა ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაუარესდა კონიუნქტურა და ფასმაც დაიწია. ამ ყველაფრის გარდა, დღემდე არ არსებობს შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანიას კი ესაჭიროება ახალი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მექანიზაცია, რაც დამატებით სახსრებს მოითხოვს.

„ცალკე საკითხს წარმოადგენს ის, რომ ტყიბულის ნახშირი საერთაშორისო ბაზრისთვის არაკონკურენტუნარიანია. ერთ-ერთ დიდ ბარიერს წარმოადგენს ლოგისტიკა, საკმაოდ რთულად დგას ტრანსპორტირების საკითხი ტყიბულიდან ფოთში“, — აღნიშნა გელენიძემ.

განსაკუთრებით დიდი პრობლემას უწოდა გელენიძემ შრომის უსაფრთხოების საკითხს. წლების განმავლობაში აქ ათობით ადამიანი დაიღუპა. ორი მუშა ივნისის დასაწყისში დაიღუპა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია, ჯერჯერობით უცნობია.