„მეოცე საუკუნით კმაყოფილი“ ქალბატონი და ძველებურ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი წიგნები

წარმოიდგინეთ, ჩვენს დროში საკმაოდ განათლებული ადამიანი, რომელიც სრულიად არ ცნობს ტექნიკურ საშუალებებს. ძველ საბეჭდ მანქანაზე კრეფს საკუთარ თარგმანებს, შემდეგ თაბახის ფურცლებს ფოტოებს ურთავს, ყდას უკეთებს და ასე აკინძულ წიგნებს სრულიად უსასყიდლოდ აბარებს ბიბლიოთეკებს...
Sputnik

გაიცანით მარინა ამბარდნიშვილი, პროფესიით გეოგრაფ-ბიოლოგი, პედაგოგი, მთარგმნელი, მუშაობდა საჯარო სკოლაში და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

მარინა ამბარდნიშვილი

- ქალბატონო მარინა, თქვენზე მითები დადის ქალაქში, რომ ინტერნეტს არ ცნობთ, ძველ საბეჭდ მანქანაზე თარგმნით კლასიკოსების ნაწარმოებებს და მათ ბიბლიოთეკებს აბარებთ…

— დღეს ყველა ჩემი თარგმანების ელექტრონულ ვერსიას მთხოვს, მაგრამ მე ჩემი „საკაკუნო“- ძველებური საბეჭდი მანქანა მაქვს- გერმანული „ორტიბა“, რომელზეც თარგმანებს ვბეჭდავ, მერე ფოტოებს ვურჩევ, ყდას ვუკეთებ და წიგნის ფორმას ვაძლევ.

- ანუ ფაქტობრივად თქვენვე კინძავთ წიგნს?

—  ასე გამოდის.. ქსეროასლები ბიბლიოთეკაში მიმაქვს. სამი ცალი უკვე ჩაბარებული მაქვს. დღეს თუ სპონსორი არ გყავს, წიგნი ვერ იბეჭდება და ვერ იყიდება. ჩვენს დროში ვინღა კითხულობს დაბეჭდილ წიგნს? ყველა ელექტრონულზეა გადასული, რომლებიც ინტერნეტში უფასოდაა… ჟურნალმა „ცისკარმა“ ჩემი ნათარგმნი ვასილ შუკშინის ორი მოთხრობა დამიბეჭდა. სამ რედაქციას მივაწოდე ჩემი ნათარგმნი წიგნები, კიდევ ოთხი წიგნის ელექტრონული ვერსია მაქვს, მაგრამ რედაქციებს ფული არ აქვს, რომ თარგმანში გადამიხადონ. წიგნი სტამბურად რომ დავბეჭდო მაგის საშუალება სად მაქვს? ასე რომ, ყველა წიგნი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მაქვს მიტანილი.

- სანამ რომელიმე მწერლის ნაწარმოების თარგმნას დაიწყებთ, თურმე  კატალოგებშიც ამოწმებთ…

— რა თქმა უნდა, პერიოდიკის კატალოგებსაც ვამოწმებ ეს თუ ის თარგმანი იქაც ხომ არ არის. ბოლოს ლევ ტოლსტოის „ბერი ფიოდორ კუზმიჩი“ ვთარგმნე. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია და ორ რედაქციაში მაქვს მიტანილი, რუსულად მხოლოდ ერთხელაა გამოცემული.

- ქალბატონო მარიამ, პროფესიით გეოგრაფ-ბიოლოგი ხართ და სად მუშაობდით?

— საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში რვა წელი ვიმუშავე. მერე სკოლაში წავედი და ათი წელი მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში ვიყავი პედაგოგი. იქ ულამაზეს ბუნებაში ვიყავი, სადაც მდინარეები და ჩანჩქერები ჩამოდიოდა. მოსწავლეებთან ერთად მთაში და ტყე-ღრეში დავწოწიალობდი და მსიამოვნებდა. თუმცა გზა არ იყო და სკოლამდე რომ მიმეღწია, ტრაქტორზეც კი ვიჯექი და შეშის მანქანაზეც. მერე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ნავთობსადენის ფაკულტეტზე ეკოლოგიას ვასწავლიდი. შემდეგ ეს ფაკულტეტი რომ გააუქმეს, ინტელექტუალურ სფეროს მოვწყდი და მოვიწყინე. მე თუ არ ვიაზროვნე, ისე არ შემიძლია. ინტელექტუალური შიმშილი მაქვს და რაღაც ცოდნა თუ არ შევიძინე, ჩემთვის ის დრო დაკარგულია. 

ბიბლიოთეკა

- ინტერნეტზე და თანამედროვე საშუალებებზე უარს რატომ ამბობთ, მსოფლიო ლიტერატურა იქაც ხომ არის?                                                                                                                                                                                                              
— მე თუ რამის თარგმნა მინდა, ბიბლიოთეკიდან ვიწერ. სულ სხვა სიამოვნებაა, როცა დაბეჭდილ წიგნს იჭერ ხელში. როგორ ფიქრობთ, ინტერნეტმა ხალხს ცოდნა მოუმატა? მე თუ მკითხავთ, მარტო ჭორაობაა ეგ და დროის გაცდენა. „ფეისბუკი“ დასანახად არ მინდა.

- არც მობილური ტელეფონი გაქვთ?

— არ მაქვს და არც მინდა! ქუჩაში და ტრანსპორტში გაუჩერებლად და თან ისეთ ინტიმურ საკითხებზე ლაპარაკობენ ხმამაღლა, რომ თავს გაბეზრებენ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მეოცე საუკუნით. შენი ხელის გამმართველი ადამიანი რომ დაგავიწყდება და ცხრა მთას იქით მყოფი ვიღაც უცნობს ყოველ დღე ეკონტაქტები — ეს ნორმალურია? ხალხი იმაზეა გადაყოლილი — მე საცაცუნოს ვეძახი, ღილაკები რომ არ აქვს…

მარინა ამბარდნიშვილი

- საცაცუნო? ალბათ პლანშეტი…

— ალბათ, ხელს რომ აცაცუნებენ და ერთი დღე ვერ ძლებენ მის გარეშე… ისე მეჯავრება ეს ტექნიკები… თუ ფოტოები მჭირდება ინტერნეტ-კაფეში შევალ და ავიღებ. ფოტოები ყდისა და ილუსტრაციებისთვის მინდა ხოლმე. იმას კი არ ვამბობ რომ ტექნიკა ცუდია, მაგრამ ჩვენმა ხალხმა ხომ არაფრის ზომა-წონა არ იცის?!

- თქვენ რომ გიყვართ, ის მეოცე საუკუნე როგორია?

— როგორია და ადამიანური, მაშინ ურთიერთობები იყო. ნათესავი ვიცოდით და მეგობარი. დღეს არავის მოკითხვა არ უნდათ, გაცივდნენ ერთმანეთის მიმართ — ეს მოიტანა ამ საუკუნემ… შემძვრალი არიან კომპიუტერში და ცოცხალ კონტაქტებზე უარს ამბობენ!.. აი, ქალის და მამაკაცის ურთიერთობები აიღეთ: ერთი და იმავე სიტყვას სხვადასხვა ინტონაციის დროს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. იქნებ, ადამიანს სულაც არ გაუღიმო, მაგრამ გამომეტყველებით აგრძნობინო, რომ მოგწონს. ეს ჩანს ინტერნეტში?

-არა!.. მეოცე საუკუნე რომანტიკული პერიოდი იყო…