რას გვპირდება საქართველოს მომავალი პრემიერი

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა ახალგაზრდობის განვითარებისა და განათლების სფეროსთვის მაქსიმალურს გააკეთებს
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მისი ხელმძღვანელობით მთავრობის მუშაობის ოთხი ძირითადი მიმართულება დაასახელა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო უმრავლესობამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე  ხუთშაბათს წარადგინა. ჯერჯერობით, მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია.

მამუკა ბახტაძე: ჩემი ხედვა – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა>>>

 „ახლო მომავალში პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე: პირველი – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია.  ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება“, – განაცხადა ბახტაძემ. 

მარგველაშვილი: პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს

ამასთან, მას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა მიმართულებებით ინოვაციური და ფუნდამენტური რეფორმები.

 „ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ, ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენ ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მესამე, რის გაკეთებასაც საქართველოს პრემიერობის კანდიდატი გეგმავს, მცირე მთავრობის შექმნის კონცეფციაა.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა>>>

 „საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს, მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს, ანტიკორუფციული ხაზით“, – განაცხადა ბახტაძემ.

მეოთხე მიმართულება, რომელიც ბახტაძის სიტყვებით მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია, ესაა განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა.

 „სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში. სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შესაბამისად, განათლებაში ინვესტიციების მოცულობა და ამ სექტორში  ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი.

 „ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება. შესაბამისად თითოეული ინიციატივა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე ორიენტირებული“, – განაცხადა ბახტაძემ.

სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ–მინისტრი 20 დღის განმავლობაში გახდება. გარკვეული პროცედურების დასრულების შემდეგ მას პარლამენტმა ნდობის ვოტუმი უნდა გამოუცხადოს.