თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. სანქტ–პეტერბურგის ლეონიდ იაკობსონის სახელობის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი თბილისში ნოემბერში წარმოადგენს სპექტაკლს „დონ–კიხოტი“, ნათქვამია თბილისის გრიბოედოვის თეატრის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
რუსული თეატრალური სივრცის უნიკალური საბალეტო დასი თბილისს ნოემბერში ეწვევა. სპექტაკლს 10 ნოემბერს გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ აკადემიურ თეატრში წარმოადგენენ.
ბილეთები უკვე იყიდება გრიბოედოვის თეატრის სალაროებსა და ვებ–გვერდზე biletebi.ge.
„დონ–კიხოტი“ მარიუს პეტიპას დადგმის ახალი ვერსიაა, რომელიც მაესტროს დაბადების 200 წლისთავს ეძღვნება. დადგმა ეკუთვნის მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს, კოვენტ–გარდენის სამეფო ბალეტის ექს–პრემიერს, ამჟამად წარმატებულ ქორეოგრაფ იოჰან კობორგს, ხოლო მუსიკა – ლუდვიგ მინკუსისაა.
სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის 14 დეკემბერს გაიმართა.