თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 2015 წელს თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოუშუშებელ ჭრილობას შეადარა.
2015 წლის 13 ივნისის ღამეს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-ზე მეტი ოჯახი დააზარალა.
წყალდიდობის შემდეგ: ვერე სახიფათო მდინარეა>>>
„დღეს 13 ივნისია და არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ ის, რაც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა, აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას", — განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
მერმა განსაკუთრებით აღნიშნა სტიქიის შემდეგ ახალგაზრდების ერთობა და სოლიდარობა.
„ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, როგორი იყო თანადგომა და როგორ ვმუშაობდით, ვაკეთებდით იმას, რომ მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ", — განაცხადა კალაძემ.
წყალდიდობის შემდეგ ახალგაზრდების კონსოლიდაცია ისტორიულ მომენტად იქცა. სტიქიური უბედურების მეორე დღეს მრავალი ახალგაზრდა მოხალისედ გამოვიდა და მაშველებთან ერთად ქალაქის დასუფთავებისა და დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო. მათი წყალობით გმირთა მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგა.
2015 წელს დედაქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა 90 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.