საქართველოში ინვესტიციები შემცირდა

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის კომპანიებმა განახორციელეს.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,9%-ით შემცირდა და 279,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის „საქსტატი“ გამოყოფს რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას, ასევე არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა).  

საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებით ლიდერთა შორის არიან დიდი ბრიტანეთი (82,7 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (51 მილიონი დოლარი) და ჩინეთი (41,6 მილიონი დოლარი). ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდების წილი 175,3 მილიონ აშშ დოლარს – მთლიანი საინვესტიციო მოცულობის დაახლოებით 63%-ს შეადგენს.

ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები გახდა საფინანსო სექტორი (110,6 მილიონი აშშ დოლარი), მშენებლობა (69,1 მილიონი დოლარი) და გადამამუშავებელი მრეწველობა (40,2 მილიონი დოლარი). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ამ დარგებში 78,7%-ს შეადგენს.

2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 26,2%-ით მეტია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.