რა შეღავათებით სარგებლობენ ორსულები და მშობლები ბავშვის მოვლის პერიოდში

ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხის მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარია.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმდებლობა ქალებისთვის გარკვეული სახის შეღავათებს ითვალისწინებს.

„საქართველოს შრომის კოდექსის“ მიხედვით, დასაქმებულ ქალს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 730 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია მხოლოდ 183 კალენდარული დღე. ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.

დედამ საკუთარ სიცოცხლეს ჯანმრთელი ტყუპების გაჩენა ამჯობინა და გარდაიცვალა

ანაზღაურებადი შვებულება პირს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

რაც შეეხება ბავშვის შვილად აყვანის გამო შვებულებას, დასაქმებულს, რომელმაც იშვილა 1 წლამდე ასაკის ბავშვი, უფლება აქვს ისარგებლოს შვებულებით ბავშვის დაბადებიდან (და არა ბავშვის შვილებიდან) 550 კალენდარული დღის ოდენობით (ანაზღაურებადია მხოლოდ 90 კალენდარული დღე).

ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის  გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხის მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარია. მისი გაცემის ვალდებულება სოციალური მომსახურების სააგენტოს აკისრია. 

საკეისრო კვეთა: რატომ აჯარიმებენ სამშობიაროებს >>

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალს, გარდა ამ 1000 ლარისა, დამსაქმებლისგან ასევე ეძლევა კომპენსაცია შვებულების პერიოდში მისაღები ხელფასის სრულ ოდენობამდე შესავსებად. 

რაც შეეხება კერძო სექტორში დასაქმებულ ქალს, რომელიც დეკრეტული შვებულებით სარგებლობს, მისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დამსაქმებელს არ გააჩნია და კომპენსაციის გაცემა მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ფულადი დახმარების მისაღებად, დასაქმებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს  შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა მივიდეს და შემდეგი სახის დოკუმენტაცია წარადგინოს: 

•პირადობის მოწმობის ასლი; 

•საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად;

• დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით; 

•საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შვებულება არ ანაზღაურდება.

ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, დასაქმებულს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ და შეუნარჩუნდება ხელფასი. 

საქართველოში შობადობა 5,8 პროცენტით შემცირდა

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულს, რომელიც არის 5 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი, ბავშვის მოვლის გამო უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება წელიწადში არანაკლებ 2 კვირის ოდენობით, ჯამში არაუმეტეს 12 კვირისა, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. აღნიშნული შვებულებით დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს უწყვეტად, ან ნაწილ-ნაწილ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა (შესაძლოა აღემატებოდეს ერთ საათსაც). აღნიშნული დროით ქალს შეუძლია ისარგებლოს სამუშაო საათების ნებისმიერ მონაკვეთში. ბავშვის კვებისთვის შესვენება ითვლება სამუშაო დროდ და ანაზღაურებადია.