ძლიერი წვიმის გამო შსს-მ ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველების ჩარჩენილი მანქანები ქუჩებიდან გამოჰყავთ.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გმირთა მოედანზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დააყენა და ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში რამდენიმე საათია ძლიერი წვიმაა, რომელმაც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

„ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში — დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით — ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი“, — ნათქვამია შსს-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთი ძლიერი სეტყვისგან იხსნეს

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გლდანის რაიონშიც, დაიტბორა მეტრო „ახმეტელის“ შესასვლელი. შეშელიძის ქუჩაზე ქვა-ღორღია ჩამოტანილი გზის სავალ ნაწილზე. გზაზე წყლის ძლიერი ნაკადი მოედინება. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. გლდანის „ა“ მიკრორაიონის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის" შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ“, — ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები ჩარჩენილი მანქანები ქუჩებიდან გამოჰყავთ.

კახეთში სეტყვის ღრუბლები გაანეიტრალეს

ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან.