თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილიდან კარვების გადატანა დაკავშირებულია იმასთან, რომ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება დაუბრუნდეთ, განაცხადა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან.
პოლიციამ თბილისის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ აიღო კარვები, რომლებიც გუშინ, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს. კარვების დემონტაჟს წინ უსწრებდა ადმინისტრაციული წესით აქციის ათამდე მონაწილის დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათ კარვებში ჩხუბი დაიწყეს.
პოლიტიკური დეჟავიუ, ანუ ისევ თავიდან ვიწყებთ?!>>>
„არაერთხელ მოხდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ასევე ირღვევა თავშეყრისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი. მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას უზღუდავენ, რადგანაც აქ დგას 20-30 ადამიანი და ეს ყოველგვარ საზღვარს ცდება. მთელი ქალაქი პარალიზებულია. ჩვენ მოვალე ვართ ყველა ეს სამართალდარღვევა აღვკვეთოთ, კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც ისინი გუშინ იყო განთავსებული და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება დავუბრუნოთ", — აღნიშნა კუპატაძემ.
მისი განცხადებით, კარვების გადატანამდე მათ აქციის მონაწილეებთან წინასწარ მოლაპარაკებები გამართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო ზაზა სარალიძე — მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, რომლის მხარდამჭერი აქციაც იმართება რუსთაველის გამზირზე.
კარვების გადატანის დროს სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც მისი თანამოაზრისა და მეგობრის ზვიად კუპრავასა და კიდევ სამი პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დღეს, დილით დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე ოთხი პირი, მათ შორის, ზვიად კუპრავა დააკავეს>>>
„თქვენგან პირველად მესმის (კარვების გადატანის შესახებ ინფორმაცია — რედ.). არ ვარ საქმის კურსში, არავის არ ჩავუყენებივარ საქმის კურსში მაგასთან დაკავშირებით და არც ვიცი ამ წუთში რუსთაველზე რა მოვლენები ვითარდება. იქ მალხაზ მაჩალიკაშვილი (თემირლან მაჩალიკაშვილის მამა — რედ.) დავტოვე და სპეციალურად აქ მოვედი, რადგან ვიცოდი, რომ ზვიად კუპრავას სასამართლო უნდა გაიმართოს და, დიდი ალბათობით, მე მოწმის სახით გამომიძახებენ", — განუცხადა ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ს.
მიუხედავად კარვების გადატანისა, სამართლიანობისთვის ბრძოლა გრძელდება, დასძინა სარალიძემ. მისი სიტყვებით, ორშაბათს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
საპროტესტო აქციების სერია 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.
იმავე დღეს, 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.
მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.