მოწმის მოსყიდვა 200 ლარად: მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანიც დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განმეორებითი გამოძიების ფარგლებში პირველი ბრალდებული, 45 წლის მერაბ მორჩაძე სამართალდამცველებმა 8 ივნისს დააკავეს. მას გამოძიება მოწმის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

თბილისის ცენტრში გახარიას და წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ მოწმესთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარი. მ.მ.-მ მოწმეს გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მას. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული მ.მ. კვლავ ეწვია მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა შესთავაზა (ურჩია)", — ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განმეორებითი გამოძიების ფარგლებში 9 ივნისს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანიც დააკავეს. მას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

რუსთაველზე პოლიციამ კარვები გადაიტანა: რა ინციდენტი მოხდა აქციის მონაწილეებს შორის>>>

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმე ხელახალი გამოძიებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი პროკურატურისგან 1 ივნისს გადაეცა. შსს-ში აღნიშული საქმე მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს ხალხის საპროტესტო აქციები და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლის ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.