თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტის, მუსიკის პედაგოგის და საქართველოს სახალხო არტისტის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება თბილისში 14-16 ივნისს.
ამირეჯიბის სახელობის რიგით მეექვსე მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე 14 ივნისს წარდგებიან გამოჩენილი ქართველი პიანისტები ალექსანდრე კორსანტია, გიგი პიანომენი, ფესტივალის დამფუძნებელი და ცნობილი პიანისტი თამარ ლიჩელი, ვოკალისტი მეგი ჩიხრაძე.
პროგრამაშია — ცნობილი პოლონელი კომპოზიტორის ფრიდერიკ შოპენის და გიგი პიანომენის ნაწარმოებები. საღამოზე საქართველოში პირველად გაჟღერდება შოპენის „პოლონური სიმღერები“ (Polish songs, Op. posth. 74). ეს არის 19 სიმღერა ფორტეპიანოსთვის, რომლებიც კომპოზიტორმა 1827-1847 წლებში დაწერა.
ფესტივალის დასკვნით დღეს, 16 ივნისს სცენაზე იაპონელი მევიოლინე კენ აისო და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე წარდგებიან. ორკესტრს მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.
ფესტივალის კონცერტები ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე გაიმართება. კონცერტები 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროებში და ონლაინ.
თბილისი კომიქსებისა და ვიდეოთამაშების ფესტივალს მასპინძლობს >>
ქართველი პიანისტი და პედაგოგი თენგიზ ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო. იგი კონცერტებს მართავდა რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში. პიანისტის რეპერტუარში ფრიდერიკ შოპენის ნაწარმოებებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.