თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩემპიონატზე კანოეთი შეჯიბრებაში ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა.
მან დისტანციის გავლას 39,2 წამი მოანდომა და 0,024 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ რუს ივან შტილს. მესამე ადგილზე ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა, რომელიც ზაზას 0.268 წამით ჩამორჩა.
ამ გამარჯვებით ზაზა ნადირაძემ 2019 წელს მინსკში გასამართი ევროპის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.
უწყების ცნობით, ევროპული თამაშების ლიცენზიის მფლობელი კიდევ ერთი ქართველი კანოისტი, ბადრი ყაველაშვილი გახდა.
ზაზა ნადირაძემ გასულ თვეს მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე, რომელიც უნგრეთის ქალაქ სეგედში ჩატარდა, 200-მეტრიან დისტანციაზე მამაკაცებს შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2017 წელს ნადირაძე ბულგარეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე — ვერცხლის პრიზიორი.