თბილისის ცენტრში გახარიას და წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი და მოსწავლეების მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ზაზა სარალიძე, 16 წლის მოკლული მოზარდის მამა, შს მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.

მრავალათასიანი აქცია თბილისში პარლამენტის წინ იმართება. ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელებს მფარველობს. საქმეს კვლავ შსს იძიებს.

მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

„ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო გახარიას უწყებამ და რამდენიმე დღეში გადაეცა პროკურატურას, ანუ გახარიას უწყებამ დაიწყო პირველი გაყალბება ამ საქმის. ბოლოს, როდესაც ქუჩაში მომიწია თქვენი დახმარებით გამოსვლა, საქმე ისევ დაუბრუნეს გახარიას უწყებას. არ ვენდობი გახარიას უწყებას. მივეცი 10 რიცხვამდე დრო, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. იმის მაგივრად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ, ისევ გააგრძელეს ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება“, — განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები 31 მაისს დაიწყო — როდესაც თბილის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის და კიდევ ერთი მოზარდის — ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა, მეორე დამნაშავედ ცნეს სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის.

იმავე დღეს გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია მირზა სუბელიანი >>

„მე პირადად ვღებულობ ასეთ მოცემულობას. შოთაძე გადადგა, მე მარტო გადადგომა არ მომითხოვია, უნდა გადამდგარიყო და პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო… ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომელმაც კიდევ დაგვიკიდა ფეხებზე და კიდევ შეეცადა ჩემი შვილის სულში ჩაფურთხებას“, – აღნიშნა სარალიძემ.

ქვეყნის ახალ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მაგრამ პარლამენტამდე ამ თანამდებობის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით ირჩევს.

სარალიძის თქმით, წულუკიანს მთავარი პროკურორის არჩევაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს, რადგან ის „თანამდებობისთვის შეუფერებელია“.

„ვინ გადააყენა შოთაძე, ვის უნდა ახალი შოთაძის მოყვანა, წულუკიანს, რომელმაც ტაშფანდურით გააცილა შოთაძე? დამნაშავე პირი ტაშფანდურით გააცილა. მე მას აღარ ვენდობი, გადადგეს წულუკიანიც და ხალხმა გადაწყვიტოს, პროკურორის თანამდებობაზე ვინ აირჩიოს“, — დასასრულს აღნიშნა მან.

მოზარდები მასობრივ ჩხუბს ხორავას ქუჩაზე, №51-ე სკოლის მახლობლად, 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს საავადმყოფოში.