ქართველი გოგონას საოცარი ისტორია, რომელიც იტალიაში წარმატებულ მწერლად აღიარეს

იტალიაში რუსკა ჟორჟოლიანს „პერსპექტიულ მწერალს" უწოდებენ. იტალიური პრესა წერს, რომ რუსკა არის წარმატებული დევნილი გოგონა, რომელიც იტალიაში ომს გამოექცა.
Sputnik

ცხოვრების საკმაოდ რთული გზა გაიარა. იყო დაბრკოლებები, ტკივილი, მონატრება, ცრემლი, ბრძოლა… რუსკა ახლა იტალიაში ცხოვრობს და იტალიურად წერს. ცნობილი იტალიური გამოცემები კი მის წიგნს დადებით რეცენზიებს უძღვნიან.

რუსკა ჟორჟოლიანი

ბავშვობა

მესტიაში დაიბადა. რამდენიმე წელი იქ იზრდებოდა. გარკვეული პერიოდის  შემდეგ მშობლებთან ერთად გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გადავიდა საცხოვრებლად. ომამდე იქ ცხოვრობდნენ. მერე მშობლებმა  სვანეთში ბებიასთან და ბაბუასთან დატოვეს, თვითონ თბილისში წამოვიდნენ სამუშაოდ. პატარა რუსკას თითქმის ორი წელი არ უნახავს მშობლები…

„მახსოვს, ხშირად განვმარტოვდებოდი და ჩემთვის ჩუმად ვტიროდი. თუმცა ისიც მახსოვს, მამას რომ ძლივს დავუკავშირდით ერთხელ და თითქოს სულ სხვა სამყაროდან ჩამესმა მისი ხმა, როცა მითხრა, „იცი, ძმები გრიმების ყველა ზღაპარი გიყიდეო". ზუსტად იმ წლებში გამოვიდა გრიმების სამტომეული, ძალიან კარგი ილუსტრაციებით.  იმ ღამით კი ვერაფრით დავიძინე, ცხრა მთას იქით მომხდარი ჯადოსნური ამბები მიტრიალებდა თავში. მგონი, პირველად მაშინ დავძლიე ჩემი ორი დიდი შიში — სიბნელის და ხმაურის“, იხსენებს რუსკა.

რუსკა ჟორჟოლიანი

გზა პატარა საქართველოდან დიდ იტალიაში

1995-1996 წლებში ვახტანგ ესვანჯიას ინიციატივით, ორასამდე დევნილი ბავშვი სიცილიაზე გაემგზავრა, სადაც მათ იქაურმა ოჯახებმა უმასპინძლეს.  რუსკა 11 წლის იყო, პირველად რომ მოხვდა იტალიაში, სადაც მხოლოდ ზაფხულის სამ თვეს ატარებდა. სწორედ აქ დაიწყო მისი წარმატების ისტორია. საქართველოში რომ სასწავლო წელს ხურავდა, იტალიაში, ივნისის თვეში, ექსპრომტად აბარებდა გამოცდებს.  ორივე სკოლის ატესტატი თითქმის ერთდროულად აიღო. იტალიაში ყოფნის დროს ჰყავდა დედობილი და მამობილი. ორივე პედაგოგი იყო. როგორც რუსკა იხსენებს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შვილები არ ჰყავდათ, ბავშვებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. მათი ქართველი გოგონასადმი დამოკიდებულება დიდი ადამიანური სითბოს და რბილი პედაგოგიკის ნაზავი იყო.

„თან მეფერებოდნენ და მიყვავებდნენ, თან მართლწერას მასწავლიდნენ, ან იტალიის ისტორიაზე მიყვებოდნენ. მკაცრები არასოდეს ყოფილან. ალბათ მეც არ ვაძლევდი ამის საბაბს. ერთ დღეს, მოწყენილი და საქართველოს მონატრებული, მამობილმა ზღვის სანაპიროზე წამიყვანა და უზარმაზარი ნაყინი მიყიდა. მერე ერთად ვუყურებდით ფერად ნავებს, სათევზაოდ რომ რიგრიგობით გადიოდნენ ზღვაში, მზის ჩასვლის ფონზე. „მთელი ღამე ზღვაში იქნებიან და გამთენიისას დაბრუნდებიანო" — მითხრა მამობილმა მეთევზეებზე. მამაჩემი რომ მიყვებოდა საინტერესო ამბებს, ზუსტად ისე მომიყვა თუ დამიხატა ის სურათი. მაშინ მივხდი, რომ ცოტა რამ თუ დარჩებოდა ამიერიდან ჩემთვის უცხო ამ შორეულ ქვეყანაში“, ამბობს რუსკა.

რუსკა ჟორჟოლიანი

პირველი წარმატება

რუსკას ცხოვრებაში წარმატება ეტაპობრივად, დაუღალავი შრომის შედეგად მოვიდა. პირველად, იტალიური პოეზიის ერთ-ერთ კონკურსზე რუსკას ლექსმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ 22 წლის იყო.

„თუმცა ჩემი პირველი და ნამდვილი წარმატება ალბათ მაინც ის იყო, როცა ჩემმა დედობილმა ძლივს დაიჯერა, რომ ეს მართლა ჩემი დაწერილი ლექსი იყო“, — ღიმილით იხსენებს მწერალი.

ყოველთვის ეგონა, რომ  ყველა წერდა. დღემდე გონია, რომ ძალიან ჩვეულებრივი, სუნთქვასავით ამბავია წერა. იტალიურად წერაც ძალიან ბუნებრივად გამოუვიდა. რუსკა ორი რომანის ავტორია. ბოლო წიგნი ჯერ არ გამოსულა, იმ პროცესშია, „დამაჭრებას" რომ ეძახიან. მისი ორივე  ომანიც იტალიურადაა და მალე გამოიცემა. პირველის გერმანული თარგმანი კი ივლისში გამოვა შვეიცარიაში, ქართული წიგნის ცენტრის თანადაფინანსებით. სამწუხაროდ რუსკას რომანის ქართული თარგმანი  ჯერ არ გამოსულა. ამას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წარდგება პირველად ქართველი მკითხველის წინაშე. ამიტომ ეს წარდგენა შეიძლება სულაც არ მოხდეს თარგმანის სახით.

სულ ახლახან, მისმა პირველმა რომანმა „ჰერმან გეიგერის ფონდის" პრემია აიღო წლის საუკეთესო დებიუტისთვის. ამას გარდა, ერთი მნიშვნელოვანი რომაული პრემიის ფინალშიცაა, რომლის გამარჯვებულიც სექტემბერში გამოვლინდება.

მართალია, რუსკა იტალიურენოვან მწერლად არის აღიარებული, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ის სულ ქართულად წერს, მაშინაც კი, როცა ენა სემანტიკურ-სინტაქსურად სულ სხვაა.

„ლინგვისტები თუ ენის ფილოსოფოსები ამ მოსაზრებას დიდ სისულელედ ჩამითვლიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ გარდავქმნი უცხო სიტყვებად იმას, რაც ისეთ შრეებში იბადება, უმალ სიზმრისეული რომ ეთქმის, ვიდრე ცხადი“, — ამბობს რუსკა.

რუსკა ჟორჟოლიანის პირველი რომანი იტალიურად რუსკას დის, ქეთი ჟორჟოლიანის ილუსტრაციით

ვოცნებობ…

„ვოცნებობ იმაზე, რომ რასაც ცხოვრებაში გავაკეთებ, შევქმნი, შეძლებისდაგვარად ყვლაფერს სიკეთის, შრომის, გააზრების ბეჭედი ჰქონდეს. დანარჩენი ყველაფერი ან თავისთავად მოვა, ან პირიქით, თავისთავად დარჩება გამოცდილების მიღმა“.