თბილისის მერმა გომბორის გზაზე ავარიისას დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი— Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ  გომბორის გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გომბორის უღელტეხილზე,  თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ბავშვი: „მძღოლი აყვირდა, მგონი ვიღუპებითო“

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა გომბორის გზაზე. სასწავლო წლის მიწურულს დასასვენებლად და გასართობად მიმავალი მოსწავლეებით სავსე ე.წ. „მარშრუტკა" გადავარდა გზიდან… უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. როგორც ქალაქის ტერიტორიაზე დადიან სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა სკოლების ავტობუსები, შესაბამისი აღნიშვნებით და სიჩქარით, ასევე ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო მძღოლების მხრიდან ქალაქებს მიღმა გზებზე და ტრასებზე. ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიისას დაღუპულების ახლობლებს დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — წერს თბილისის მერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 პაციენტი მოათავსეს, მათგან 12 ბავშვია. ორი პაციენტი კი — გარდაცვლილი ბავშვის დედა და 12 წლის მოზარდი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადაიყვანეს.

გომბორზე ავარიისას დაღუპული გოგონას დედა სამედიცინო ბრიგადას თბილისში გადაჰყავს

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.