მარგველაშვილი კვირიკაშვილის გადადგომის წინააღმდეგია

საქართველოს პრეზიდენტი ემხრობა იუსტიციის მინისტრის გადადგომას, თუმცა მხარს არ უჭერს მთავრობის მეთაურის გადადგომის მოთხოვნას
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გაუმართლებელია. 

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია კიდევ ერთი ბრალდებული >>

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობის მეთაურს ერთკვირიანი ვადა 10 ივლისამდე მისცა, რათა დაისაჯონ მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი, მათი მფარველები და ის გამომძიებლები, რომლებმაც, მისი თქმით, საქმის მნიშვნელოვანი მასალები გაანადგურეს.

სარალიძე და მისი მომხრეები ქუჩაში განაჩენის გამოცხადებისთანავე გავიდნენ. მკვლელობიდან ევსი თვის შემდეგ 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. ერთი პირი გასამართლებულია ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს.

ხორავას ქუჩის ტრაგედია გამოწვევად იქცა - პრემიერი მოზარდების მკვლელობაზე

საპროტესტო ტალღამ მთავარო პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა გამოიწვია. ხოლო პრემიერის გადადგომის მოთხოვნა მოთხოვნად დარჩა — კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არ ებღაუჭება თანამდებობას, მაგრამ გადადგომის დრო ჯერ არ დამდგარა. მან შსს-ს მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაავალა.

„მე, როგორც პოლიტიკოსს ან როგორც მოქალაქეს არ მაქვს დღეს განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. მაგრამ ყველაფერი პროცესის ადეკვატურობაზეა დამოკიდებული“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეარხ TV Pirveli-ზე გადაცემა „პირველების“ ეთერში.

მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პროკურატურის ქმედებებზე პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებით, ფაქტობრივად, მასზე ზეწოლის მოხდენაში გამოტყდა.

„ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი გიპასუხებდათ: „მე რა შუაში ვარ გამოძიებასთან“ — აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან მან განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრემიერის პოსტზე საუკეთესო კანდიდატად ისევ მთავრობის მოქმედი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი რჩება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლოგიკურად მიაჩნია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა.

ოპოზიცია თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

მის გადადგომას ოპოზიცია და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის დროს კარგი მთავარი პროკურორის არჩევა მოხერხდება.

„იუსტიციის მინისტრთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა: თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი, კომპეტენციიდან გამომდინარე, ამ ლეგიტიმაციის რაღაცა ნაწილს წარმოადგენენ. ძალიან გამიხარდა, რომ ეს პირობა დააყენეს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

16 წლის დადუნაშვილის და სარალიძის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა. ორივე 1 დეკემბერს უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს შეეწირა. სასამართლოს წინაშე ორი ადამიანი წარდგა.

სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ გამოძიება თავიდანვე მფარველობდა ინციდენტის სხვა მონაწილეებს, პირველ რიგში პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილს. ამჟამად მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. თუმცა სარალიძე მის გარდა სხვა მონაწილეების დაკავებას მოითხოვს.

პარასკევს განმეორებითი გამოძიების ფარგლებში პირველი ბრალდებული — 45 წლის მერაბ მორჩაძე დააკავეს. მას ბრალად ედება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტსა თუ თარჯიმანზე ზეწოლის მოხდენა.