ლანჩხუთის ორ სოფელში ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით ორი ადამიანი მოიწამლა

ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალბატონი ამ დროისთვის „მედალფას" კლინიაკში არიან გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებით მოიწამლა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

ზუგდიდში სამი მოსწავლე ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით მოიწამლა

შემთხვევა ლანჩხუთის ორ სოფელში — ნინოშვილსა და ხორეთში დღეს მოხდა. დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ლანჩხუთის „მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ნინოშვილში ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ მოიწამლა, როდესაც იგი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს ფაროსანას საწინააღმდეგო სპეციალური ქიმიური პრეპარატით პირბადის გარეშე ამუშავებდა, ხოლო შუახნის ქალბატონმა სოფელ ხორეთში მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიის სპეციალური ტექნიკით დამუშავებისას აქროლადი ნივთიერება შეისუნთქა.

როგორც კლინკაში „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„დღეს, დილით კლინიკაში ორი პაციენტი შემოიყვანეს. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი ინტოქსიკაცია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", – განაცხადეს კლინიკაში.

აღნიშნული ფაქტი აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა არ არის. მაისში ზუგდიდში სამი მოსწავლე მოიწამლა, გურიის სოფელ შემოქმედში კი 50 წლამდე მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.  

ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით გურიაში მამაკაცი გარდაიცვალა>>>

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.

საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.