პარლამენტი მოზარდების მკვლელობის საქმით დაკავდება – კომისია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 16 წლის მოზარდების მკვლელობის გარემოებების შესწავლას იწყებს.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.

კომისიის შექმნას პარლამენტის 150-დან 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო. მთავრობის მეთაურმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთი მოკლულის მშობელმა ზაზა სარალიძემ თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძე პროკურატურას საქმის არაობიექტურად გამოძიებაში სდებს ბრალს.

კომისიას საქმის დეტალების შესასწავლად სამი თვე ექნება. მას გამოძიების ყველა მასალაზე მიუწვდება ხელი, ასევე ექნება საქმის შესაძლო ფიგურანტების დაკითხვის შესაძლებლობა. კომისია მუშაობის დასრულებისას წარმოადგენს საქმესთან დაკავშირებით დასკვნასა და რეკომენდაციებს.

კანონის თანახმად, კომისიას კონკრეტული პირების დასჯის ან ბრალდების უფლება არა აქვს, ეს გამოძიების პრეროგატივაა.

კომისია სამი პარტიის წარმომადგენლებისგან, მთლიანობაში 17 ადამიანისგან დაკომპლექტდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" უმცირესობაშია — მას ექვსი წარმომადგენელი ეყოლება: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი.

„ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" კომისიაში ცხრა წევრით იქნება წარმოდგენილი — ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ბოკერია, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი და მამუკა ჩიქოვანი.

სარალიძემ პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა

გარდა ამისა, ახალ სტრუქტურაში დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია შევიდნენ.

ერთადერთი, ვინც კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციონერი სერგი კაპანაძე გახდა, რომლის კანდიდატურასაც მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, კენჭისყრისას კაპანაძის წინააღმდეგ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა.

„იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების თვალში ყველა ინსტიტუცია დისკრედიტებულია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არ იგეგმება იუსტიციის მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომა, რომლებსაც უმრავლესობის წევრები კბილებით იცავენ, საგამოძიებო კომისიას შანსები არ აქვს", — განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად 2017 წლის 1 დეკემბერს დაიღუპნენ. სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. მეორე ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს — სასამართლომ ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს>>>

სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ გამოძიება თავიდანვე მფარველობდა ინციდენტის სხვა მონაწილეებს, პირველ რიგში, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის შვილს, და ის სამართლის აღსრულებას მოითხოვს. განაჩენის გამოცხადების დღიდან, 31 მაისიდან სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად თბილისში მრავალათასიანი აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას მიაღწიეს, შემდეგ კი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა, მას მხარი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა.