თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. გუშინ მომხდარმა მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა და შენობაში არსებული ბზარები უფრო გაზარდა, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკუთარ Facebook-გვერდზე წერს და ფოტომასალას აქვეყნებს.
სამხრეთ კავკასია მიწისძვრების სერიამ მოიცვა>>>
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, 22:40 საათზე აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც იგრძნო. მას საქართველოში მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.
„მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწისქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში", – წერს ლომჯარია.
ომბუდსმენი საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მიმართავს და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისთვის დროებით სამუშაო სივრცის გამოყოფას სთხოვს.
„მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუ გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით", – წერს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის აპარატი ოფისის ავარიულობაზე ჯერ კიდევ თებერვლიდან საუბრობს და შესაბამისი სახსრების ან ახალი ოფისის გამოყოფას ითხოვს.