ქუმსიშვილი: მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი

თბილისის მერი გაფიცულ მემანქანეებს გუშინ ორჯერ შეხვდა, თუმცა ორივე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე პრობლემის მოსაგვარებლად მაქსიმუმს აკეთებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ეს საბოტაჟია“ - თბილისელები მეტროს გაფიცვამ აღაშფოთა

თბილისში უკვე მეორე დღეა მეტროს 23-ვე სადგური დაკეტილია, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია — გაუსაძლისი საცობები გზებზე, ტაქსის გასამმაგებული ფასები და მგზავრებით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის გამო მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან.

თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია — მეტრო მეორე დღეა გაფიცულია>>>

მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილით გაიფიცნენ. ისინი აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ. აქციის ორგანიზატორი მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირები „ერთობა 2013"-ია. პროფკავშირების მონაცემებით, გაფიცვაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობს, მათგან 140-მა შიმშილობა დაიწყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითიც გადაადგილებიან თბილისელები. შესაბამისად, შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს გააჩნია, უნდა იყოს სწორად გამოყენებული", – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 45%-ით მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა. მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათას ლარს აღემატება, მემანქანის — 1,8 ათას ლარზე მეტს, თუმცა თავად მემანქანეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

კალაძე: მეტროს სადგურები რომ არ მუშაობს, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი

კალაძე გაფიცულ მემანქანეებს გუშინ ორჯერ შეხვდა. შეხვედრა პირველად თბილისის მერიის შენობაში გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ თბილისის მერი გვიან ღამით გლდანის დეპოსთან გაფიცული მემანქანეების აქციაზე მივიდა.

გლდანის დეპოს ტერიტორიაზე გამართული შეხვედრაც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა — მეტროს მემანქანეებმა მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, კახა კალაძემ პოზიცია არ შეცვალა და მხოლოდ იმის პირობა დადო, რომ მათი მოთხოვნების განხილვას 2019 წლიდან დაიწყებდა, მიზეზად კი ბიუჯეტში საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ასევე დამატებულია ავტობუსები, თუმცა მგზავრთა დიდი ნაკადის გამო მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013" წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6,3 ათსამდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 240 ადამიანი მეტროს მემანქანეა.