Euronews-ი: ქართული ხინკალი როგორც ხელოვნების ნიმუში

ქართული ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთი სიამაყე – ხინკალი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოში ნებისმიერი დასვენება არასრულფასოვნად ჩაითვლება, თუ თქვენ ხინკალს — საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კერძს არ დააგემოვნებთ, იუწყება Euronews-ი.

„ხინკალი–ჯუსი“: ქართველი პერფორმანს–არტისტების პროექტს მოსკოვში აჩვენებენ

ხინკლის ისტორია და მისი მომზადების ტექნიკა ევროპული ტელეარხის რეპორტიორმა კლაუდიო როზმინომ ერთ-ერთი ქართული რესტორნის შეფ-მზარეულთან მალხაზ ციკოლიასთან ერთად შეისწავლა.

„ხინკალი — ეს ქართული კერძია, რომელსაც საქართველოს მთიან რეგიონებში ამზადებდნენ. თუმცა შემდეგ იგი მთელ ქვეყანაში ერთ-ერთ საყვარელ კერძად იქცა. და ახლა სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები საქართველოს სტუმრობენ, რათა ნამდვილი ხინკალი მიირთვან", — განაცხადა ციკოლიამ.

მზარეულმა ევროპელ მაყურებელს ხინკლის დამზადების სხვადასხვა ვერსია შესთავაზა — ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცით, ასევე ვეგეტარიანელებს — ყველითა და სოკოთი.

მაყურებელს ასევე აუხსნეს, თუ როგორ უნდა მიირთვან სწორად ხინკალი.

„პირველ ყოვლისა უნდა ჩაკბიჩო ხინკალი, შემდეგ კი წვენი ამოხვრიპო. და ეს მართლა ძალიან გემრიელია", — უხსნის ქართველი მზარეული კლაუდიო როზმინოს.

EURONEWS-ი ევროპაში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო არხია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის მიღება 24-საათის განმავლობაში 13 ენაზეა შესაძლებელი.