თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. გაფიცვის გამო, რომელიც მეტროს მემანქანეებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მოაწყვეს, თბილისის მერიის ზარალმა რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწია.
თბილისში უკვე მეორე დღეა მეტროს 23-ვე სადგური დაკეტილია, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია — გაუსაძლისი საცობები გზებზე, ტაქსის გასამმაგებული ფასები და მგზავრებით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის გამო მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან.
„Sputnik-საქართველო“ შეეცადა დაეთვალა ზარალი, რომელიც დედაქალაქის ხელისუფლებას მემანქანეების გაფიცვის ერთ დღეში მიადგა.
მეტრო და ავტობუსები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მონაცემებით, მეტროთი ყოველდღიურად 300-350 ათასი ადამიანი სარგებლობს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრის, შესაბამისად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბიუჯეტში მეტროს ყოველდღიურად 150-175 ათასი ლარი შეაქვს.
ავტობუსებით ყოველდღიურად დაახლოებით 400 000 ადამიანი სარგებლობს. აქაც მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, შესაბამისად ავტობუსების წილი ბიუჯეტში — დაახლოებით 200 000 ლარი.
შესაბამისად, მემანქანეების გაფიცვის შედეგად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ზარალი დღეში დაახლოებით 350 000 ლარს შეადგენს (უფასო ავტობუსების გათვალისწინებით).
თუმცა, ზოგიერთი მოქალაქე მგზავრობის გარკვეული შეღავათებით სარგებლობს, რისთვისაც მერია წელიწადში 60 მილიონ ლარს ხარჯავს. შესაბამისად, გათვლები შეიძლება არაზუსტი იყოს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ორდღიანი გაფიცვის შედეგად ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის თანხა მემანქანეების ხელფასების მოსამატებლად საკმარისი იქნებოდა.
„ამ ორი დღის განმავლობაში, თბილისმა 600 000 ლარის ზარალი ნახა. 300 000 ლარის ზარალია ყოველდღიურად მეტროს გაჩერების შედეგად. წარმოიდგინეთ ეს თანხა იყო იმისთვის საკმარისი სწორედ, რომ მეტროს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო ერთი წლის განმავლობაში“, — განაცხადა თბილისის მერობის ექს-კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, მემანქანეების ხელფასების ზრდისთვის საჭირო იყო ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოეყოთ, რაც შეადგენს ორი დღის ზარალს, რომელიც დედაქალაქმა მიიღო.
მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 45%-ით მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა. მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათას ლარს აღემატება, მემანქანის — 1,8 ათას ლარზე მეტს, თუმცა თავად მემანქანეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
თბილისის მერიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მეტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის იმხელა რესურსი არ გააჩნია, როგორც ამას მომიტინგეები მოითხოვენ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6,3 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 240 ადამიანი მეტროს მემანქანეა.