მიუღებელი მოთხოვნა - პრემიერი წულუკიანის გადადგომის წინააღმდეგია

კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ეჭვქვეშ დააყენონ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ლეგიტიმაცია.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუღებელი უწოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში მათი მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ.

რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს >>

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის და მისი თანამოაზრეების ზეწოლის ფონზე გადადგა. სარალიძე და მისი მომხრეები ქუჩაში განაჩენის გამოცხადებისთანავე გავიდნენ. სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა ზაზა სარალიძის შვილი. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გამოძიება მკვლელს აფარებს ხელს და ჯერ მთავარი პროკურორის გადადგომა მოითხოვეს, შემდეგ კი — მთლიანად მთავრობის. 

„მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია… ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, — ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

მისი თქმით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში საზოგადოების  ფართო წრეები ჩაერთოს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა შოთაძე მთავარ პროკურორად 2015 წლის ნოემბერში ექვსი წლის ვადით აირჩია. ის ამ უწყების პირველი ხელმძღვანელი გახდა, რომელიც დანიშნა არა პრემიერმა, არამედ პარლამენტმა.

2015 წელს „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესწორებები შევიდა — მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესის შემოღების შესახებ. ახალი წესების თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის დანიშვნამდე ერთი თვის განმავლობაში სამეცნიერო წრეებთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს ატარებს.

შემდეგ იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურაზე შეჯერდება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს ქალი. ამის შემდეგ კანდიდატურებზე 15-კაციანი საპროკურორო საბჭო იმსჯელებს. ის აირჩევს ერთ ადამიანს, ხოლო იუსტიციის მინისტრი ამ კანდიდატურას დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს.

მთავრობის დამტკიცების შემდეგ კანდიდატურაზე იმსჯელებს პარლამენტი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

სარალიძემ პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა >>

მედიაში უკვე მთავარი პროკურორის სავარაუდო კანდიდატურები დასახელდა. ეს არის ყოფილი ადვოკატი და პარლამენტარი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.

დათანხმდება თუ არა პრემიერი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძის წინადადებას

წულუკიანმა ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები უკვე დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში შექმნილი სიტუაციის მიზეზად დაასახელეს მართლმსაჯულების სფეროში წარუმატებელი რეფორმები, რომლებსაც წულუკიანი ატარებს.

„სწორედ იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა. ყველა წინა პროცესი, რომელიც ამ მიმართულებით მიდიოდა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. არ არსებობს გარანტია, რომ ახლანდელი პროცესი რაიმე ფორმით იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე იყო წინა რომელიმე“, —  განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ.