მისტიკური თეატრი У Моста თბილისში გასტროლზე ჩამოდის

პოპულარული თეატრი ქართველ მაყურებელს „ზურიკელას" და „ობოლ დასავლეთს" წარმოუდგენს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ ცნობილი პერმის თეატრი У Моста თბილისში გასტროლზე ჩამოდის, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ოლესია ეგოროვამ.

პერმის თეატრი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება ორი სპექტაკლით – „ზურიკელა" (2 ივლისს) და „ობოლი დასავლეთი" (3 ივლისს). პერმის თეატრს თავისუფალი თეატრი უმასპინძლებს, რომლის სცენაზეც გაიმართება წარმოდგენები.

ექსპერიმენტები სცენაზე: რუსთაველის თეატრი 24–საათიან ფესტივალს დაეთმობა

ნოდარ დუმბაძის რომანის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით სპექტაკლი „ზურიკელა" რეჟისორმა ვახტანგ ნიკოლავამ დადგა. სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის ოქტომბერში გაიმართა.

„სპექტაკლ „ზურიკელას" რუსული მაყურებლისთვის ბევრი ქართული მოაქვს. ნიკოლავამ იგი მოკლე ვადებში დადგა. ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ თეატრში იციან, როგორ დადგან რომანები. საჭირო პერსონაჟებიც მარტივად ვიპოვეთ. ვახტანგ ნიკოლავა სერგეი ფედოტოვმა — ჩვენმა მხატვრულმა ხელმძღვანელმა გასულ წელს თბილისში ყოფნისას გაიცნო, მაშინ ჩვენ რუსთაველის თეატრში „ხანუმა" წარმოვადგინეთ. და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ვახოს ჩვენთან თეატრში აუცილებლად მოვიწვევდით", — განაცხადა ეგოროვამ.

რაც შეეხება სპექტაკლს „ობოლი დასავლეთი", რომელიც ირლანდიელი დრამატურგის მარტინ მაკდონაჰის პიესის მიხედვითაა დადგმული, ის პერმის თეატრის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად ითვლება. დადგმა "ოქროს ნიღაბი 2008"-ზე რუსეთის საუკეთესო სპექტაკლებს შორის იყო ნომინირებული.

მოსკოვის თეატრი თბილისში ჩეხოვისა და რემარკის ინტერპრეტაციას ჩამოიტანს

თავისუფალ თეატრში სპექტაკლების შემდეგ პერმის თეატრი У Моста ნოდარ დუმბაძის სახელობის 170-ე თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. რუსი მსახიობები „ზურიკელას" ითამაშებენ.

У Моста — საავტორო თეატრია, რომელიც 1988 წელს დაარსდა. იგი მსოფლიოში ერთადერთი მისტიკური თეატრია. სწორედ პერმის თეატრი ითვლება პოპულარული ირლანდიელი დრამატურგის მარტინ მაკდონაჰის ერთგვარ აღმომჩენად რუსეთში. სცენაზე ავტორის რვა პიესა დაიდგა. 2011 წელს პერმის თეატრი რუსეთის საუკეთესო თეატრების ათეულში შევიდა.