თბილისი, 3 ივნისი — Spurnik. შსს-მ წარმოადგინა ანგარიში ბოლო პერიოდში ქურდობის ფაქტების გახსნის თაობაზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სულ დაკავებულია 13 პირი.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 32 წლის დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში 2 ბინა გაქურდა და მიიმალა.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე ბრალდებით, დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 22 წლის ლ.კ. დააკავეს, ხოლო ამჟამად მიმალვაში მყოფი 23 წლის ლ.ბ. კი ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედებმა დედოფლისწყაროში, 9 ძმის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს.
ბრალდებულებმა ნაქურდალი ნივთების ერთი ნაწილი გადამალეს, დანარჩენი ნივთები კი მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლომბარდში ჩააბარეს, ასევე, თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ ახლოს მდებარე ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“ და ქალაქ ყვარელში გაყიდეს.
რეალიზებული და გადამალული ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად. საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება.
უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, გურიაში, კახეთსა და შიდა ქართლში ქურდობის 16 ფაქტი გახსნეს, 13 პირი დააკავეს, 16 კი ამხილეს.