სარალიძე: მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს...

ზაზა სარალიძის შემდეგ პატრიარქმა ლევან დადუნაშვილის მამა მიიღო
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული  არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

„პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს“, — განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე. 

სარალიძემ აღნიშნა, რომ ის ილია მეორეს აბსოლუტურად ყველაფერს დეტალებში მოუყვა, რასაც ნებისმიერ ადამიანს უყვება.

ზაზა სარალიძე: „დღეს არა...“

„პატრიარქთან ვიყავი და არა შს მინისტრთან, გთხოვთ, ნუ გააიგივებთ, დეტალებზე საუბარი არ გვქონია, ვიყავით ლოცვა კურთხევის ასაღებად. აქამდეც დიდი სურვილი გვქონდა პატრიარქთან შეხვედრის მე და ჩემს მეუღლეს და რახან ეს შანსი მომეცა, არ გავუშვი ხელიდან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საპატრიარქოში ზაზა სარალიძე დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის სურვილის ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა, რაზეც ილია მეორემ თანხმობა განაცხადა.

ზაზა სარალიძეს უწმინდესთან და უნეტარესთან შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არც საპატრიარქოს დატოვების შემდეგ უსაუბრია.

„მეუღლე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და არ მინდა ახლა ვისაუბრო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გიორგი გახარია მზადაა ზაზა სარალიძეს შეხვდეს

ზაზა სარალიძესთან  შეხვედრის მზადყოფნა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოთქვა, თუმცა სარალიძემ ამაზე უარი განაცხადა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შემდეგ, მეორე დაღუპული მოზარდის ლევან დადუნაშვილის მამაც მიიღო.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.