თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე საკუთარი კანდიდატურის მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენას დასთანხმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„თუ საზოგადოება, მისი გარკვეული ნაწილი ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას სამართლიანობის აღდგენის, სამართლის დაცვისა და მისი მსახურების საკითხში, მე არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებ ამ გამოწვევას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე „ევროპული საქართველო“ წარადგენს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პროფესიონალიზმიდან, გამოცდილებიდან და აპოლიტიკურობიდან გამომდინარე, შავგულიძე საუკეთესო კანდიდატია, ვინც შეიძლება პროკურატურას მოცემულ რთულ ეტაპზე უხელმძღვანელოს.
ამავე დროს, შალვა შავგულიძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს მის დანიშვნას ქვეყნის მთავარ პროკურორად.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები ირაკლი შოთაძისთვის უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტისთანავე დაიწყო.
მთავარი პროკურორის მოვალეობას შოთაძის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ასრულებს.
შალვა შავგულიძე „თავისუფალ დემოკრატებს“ სათავეში 2017 წლის 19 თებერვალს ჩაუდგა. ირაკლი ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის პოსტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვა.