თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. აგარის შაქრის ქარხანა მუშაობას სრული დატვირთვით დღეიდან განაახლებს, იუწყება ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი Facebook-გვერდზე.
ქარხნის ტერიტორიაზე დღეს 11 საათზე გაიმართება აგარის შაქრის ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე, „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სავაშ უზანი, „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ ნათბილაძე და შიდა ქართლის მთავრობის წარმომადგენლები.
ქარხანამ, რომელშიც 480-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, მუშაობა 2017 წლის 1 ნოემბერს შეწყვიტა. ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა მარტის დასაწყისში საპროტესტო აქციები დაიწყეს და განაცხადეს, რომ დაბაში არსებული ერთადერთი სამსახური დაკარგეს. მომიტინგეებმა აგარიდან თბილისამდე 110-კილომეტრიანი მანძილი ფეხით გამოიარეს, თბილისში მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის შენობის წინ აქცია გამართეს. მათ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნეს-ომბუდსმენი შეხვდნენ.
ღონისძიებაზე დასაქმებულებს სიტყვით მიმართავენ ლევან კალანდაძე, კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, გაიმართება ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა 3 ივნისს მეტროს გაჩერება დააანონსეს >>