თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაძლო პირები, რომლებიც მუდმივად ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
ბორცვაძის განმარტებით, კრიმინალური პოლიცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს იძიებს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.
„არსებობს ეჭვი, რომ ისინი ცდილობდნენ გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას", — აღნიშნა ბორცვაძემ.
მისი თქმით, უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა", — განაცხადა ბორცვაძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეს პროკურატურიდან შსს დაიბრუნებდა და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხელახალი გამოძიების პროცესს თავად გაუძღვებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე გუშინ გამოაცხადა განაჩენი, რომელსაც, როგორც ცნობილია, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.