მირზა სუბელიანი: „არსად წასვლას არ ვაპირებ“

სუბელიანის დაპატიმრება აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რადგან, ზაზა სარალიძეს აზრით, ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში დამნაშავეებს მფარველობს.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეა, საქართველო არ დაუტოვებია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ. პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში“, – განაცხადა  მირზა სუბელიანმა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისული პრემიერი გააგდეს - პირდაპირი ეთერი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირზა სუბელიანს ქვეყანა არ დაუტოვებია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის  მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა. 

სუბელიანის დაპატიმრება აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რადგან, ზაზა სარალიძეს აზრით, ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში  დამნაშავეებს მფარველობს.

აქცია სახელწოდებით „არ მომკლა“  მას შემდეგ  დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობაში ორ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა.

რუსთაველზე კარვების გაშლა იგეგმება

ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას  უკავშირდება საქართველოს  მთავარი პროკურორის გადადგომაც. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.