გია ვოლსკი: ზაზა სარალიძეს პასუხი უნდა გაეცეს

დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. დაგეგმილია მაღალი დონის ექსპერტების ჩამოყვანა და პროკურატურა არ აპირებს ამ თემაზე უკან დახევას, განაცხადა  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს გამოცხადებულ განაჩენს კამათი მოჰყვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

რა დაადგინა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე

გიორგი ვოლსკი მომხრეა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„აუცილებლად გადავა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, უნდა თუ არ უნდა რომელიმე ჩვენგანს… მართლა არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას ან სხვა ადამიანს. მეორე საკითხია, რომ ადამიანებმა, ვინც უნდა ითანამშრომლონ პროკურატურასთან და სასამართლოსთან, ცოტა ყურები უნდა გამოიფხიკონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.

ადვოკატი: სასამართლომ განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე

დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. ის გამოძიების ხელახლა ჩატარებას და დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.