საია პროკურატურას მიმართავს, დაინტერესდეს ფილარმონიის იჯარის საკითხით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას მოითხოვს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საიას იურისტმა სალომე საღარაძემ.
Sputnik

„ამ კომპანიის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 3 მილიონ ლარს აღწევს. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ იხდის ამ თანხას კომპანია სააგენტოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად და რატომ არ აუქმებს მასთან დადებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად სააგენტო?“ — აღნიშნა სალომე საღარაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ხელშეკრულება სახელმწიფოსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს" შორის 2007 წელს არის გაფორმებული, რომლის შესაბამისად, შპს „ინტერნეიშენალ ივენთს" თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. ორგანიზაციამ  პროკურატურას განცხადებით მიმართა და ამ საკითხით დაინტერესება სთხოვა.