ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა – ცნობილია თბილისის მოლოდინები

თბილისში ვიზიტის პირველ დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის მეთაურს შეხვდება.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირველად ჩამოვიდა ორდღიანი ვიზიტით.

ფაშინიანი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.

„ვიზიტისას განვიხილავთ საკითხებს, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებს, კულტურულ კავშირებს. ეს ეხება ჩვენ პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის", — განაცხადა ჯანელიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

კვირიკაშვილმა ფაშინიანს პრემიერობა მიულოცა

აეროპორტიდან ფაშინიანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თავის კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შესახვედრად გაემართა. შეხვედრის შემდეგ კვირიკაშვილი და ფაშინიანი მასმედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებებით გამოვლენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან. ფაშინიანი ასევე დაესწრება სომხეთის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას, ხოლო შემდეგ საქართველოს პრემიერთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე გაემართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოთხშაბათს გაიმართება შეხვედრა ქართველ და სომეხ დიპლომატებს შორის.

ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას ფაშინიანი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს პოპულარულ ადგილს სომეხი ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომელიც სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში შედის.