ფაშინიანის პირველი შეხვედრა მარგველაშვილთან: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა

ორი ქვეყნის პოლიტიკოსებმა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები გამართა, რომელთა ფარგლებში მხარეებმა საერთაშორისო ფორმატებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი შეხვედრა – რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა >>

ფაშინიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩამოვიდა. მან გამართა მოლაპარაკებები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

„უაღრესად გასახარებელია ჩვენი შეხვედრა, შეხვედრა სომხეთის ახლადარჩეულ, დემოკრატ ლიდერთან, და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩენ ერებს შორის საუკუნოვან თანამშრომლობას… ქართველებს და სომხებს გვაკავშირებს დიდი სიყვარული და პატივისცემა საუკუნეების განმავლობაში, და მე მიხარია სომხეთის დემოკრატიული ლიდერის ვიზიტი თბილისში“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ეს შემთხვევითი არაა – ფაშინიანი საქართველოში თავის პირველ ვიზიტზე

შეხვედრაზე მარგველაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისთვის.

საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტებმა, მათ შორის სომხეთის ლიდერმა არმენ სარქისიანმა. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებებში სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას ქართველი ხალხისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად საპრეზიდენტო სასახლეში გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერი დაესწრება მიღებას, რომელიც სომხეთის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს მიეძღვნება, შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ოფიციალურ ვახშამს დაესწრება.

ორდღიანი ვიზიტის დასასრულს ფაშინიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შესახვედრად გაემგზავრება.