საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, შესაბამისი შეფასება მისცეს სირიის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას აპირებს, რადგან მან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ბრიფინგზე.

„სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა — თბილისის რეაქცია">>

„საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას", — განაცხადა დონდუამ.

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებას „ადეკვატური ზომებით" უპასუხებს

მისი თქმით, სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა მოგვიანებით ამ ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.

საქართველომ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს. საქართველოში სირიის ელჩის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, ხოლო სირიაში საქართველოს ელჩის — კაიროში.

საქართველოსა და სირიის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-აპრილში 376 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.