კინოფესტივალზე „ამირანი 2018" თბილისში სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ

თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ხუთი დღის განმავლობაში 11 ქვეყნის ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრების ნახვას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რიგით მეთერთმეტე საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „ამირანი 2018" თბილისში 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია 25 ფილმი 11 ქვეყნიდან. წელს სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან და საქართველოდან.

მსოფლიოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები საკუთარ ოსტატობას ბათუმში დახვეწენ

ფესტივალის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ამირანი 2018" წელს სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდამჭერით.

ფესტივალს გახსნის 1935 წელს გადაღებული პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები". მულტფილმი ორგანიზატორებს საქართველოს ეროვნულმა არქივმა გადასცა.

კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, რომელიც 3 ივნისს განახლებულ კინოთეატრ „სპარტაკში" (რუსთაველის 19) გაიმართება, დაჯილდოვდებიან ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულები: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები და გრან-პრი. კონკურსის ჟიური სპეციალურ სერტიფიკატებს გადასცემს ფესტივალის მონაწილეებს, რომლებიც შეძლებენ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში სხვადასხვა სპეციალობებზე: რეჟისურა, მონტაჟი, ხმის რეჟისურა, საოპერატორო საქმე.

ქართული კინო კანის კინოფესტივალზე

კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრები საქართველოდან იქნებიან მსახიობი ნატო მურვანიძე და რეჟისორი ზაზა ხალვაში. ჟიურის თავმჯდომარეა გერმანელი პროდიუსერი, მონტაჟის სპეციალისტი მარტინ ჰაგემანი ბაბელის უნივერსიტეტიდან.

ორგანიზატორებს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებიათ მრგვალი თარიღი — ქართული კინოს 110 წლისთავი. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული კინემატოგრაფიის ყველაზე ძველი და პოპულარული ფილმების აფიშების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერ-კლასები, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებები. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი" გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. ფესტივალი აღდგა 2007 წელს.