ლევილის მამულის სარეაბილიტაციო პროექტს ფრანგული კომპანია მოამზადებს

16 ივნისს ლევილის მამულში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე აღინიშნავენ.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის 300-მდე წარმომადგენელი შეკრიბა, თბილისში 27 მაისს გაიხსნა. დიასპორის დღეები საქართველოში პირველად 2008 წელს გაიმართა, იმ დროიდან ეს ღონისძიება ყოველწლიურად 27 მაისს იწყება. დიასპორების დღეები უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებას ემსახურება.

საქართველოში დიასპორის დღეები იმართება - თანამემამულეთა ფორუმი გაიხსნა

ფორუმზე მიხეილ ჯანელიძემ ლევილის მამულის რეაბილიტაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი  განცხადებით, შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც სარებილიტაციო პროექტის კონცეფციას ამზადებს და სამუშაოებსაც ის ჩაატარებს.

„შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საპროექტო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ის უზრუნველყოფს ამ სამუშაოების მაღალი სტანდარტით ჩატარებას. კომისია მუშაობს, იმედია ამ პროცესში ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებულია", — განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის 16 ივნისს ლევილის მამულში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე აღინიშნება. ღონისძიებაში საფრანგეთში მთელი ქართული დიასპორა მიიღებს მონაწილეობას.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა სამშობლოში დაბრუნდა

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით.  მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსათვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.

საფრანგეთში ლევილის მამული საქართველოს 2016 წელს გადმოეცა.  მისი  საქართველოსთვის გადაცემა ჯერ კიდევ 2011 წელს გადაწყდა.