თბილისი, 27 მაისი — Sputnik. „ნუ მომკლავ“ — ამ წუთებში ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს.
აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მართავს და შვილის მკვლელობის სამართლიან და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია დაისაჯონ როგორც მკვლელობის ჩამდენები, ასევე, მის დაფარვაში მონაწილეები.
ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, განაცხადა, რომ დათო სარალიძის ჭრილობები სავარაუდოდ, მაკრატლითაა მიყენებული და არა დანით, როგორც პროკურატურა ამტკიცებს.
აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ ზაზა სარალიძემ ხალხს სამართლიანობის აღსადგენად გვერდში დგომისკენ მოუწოდა. მისი ვარაუდით, მისი შვილის მკვლელებს კონკრეტული მაღალჩინოსნები მფარველობენ.
„სამხარაულის ექსპერტების მიერ დაზიანებული იქნა საქმეში არსებული დანა, რომელზეც განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია. სამხარაულის ექსპერტების მიერ არ იქნა დასაბუთებული რა საგნით იქნა მიყენებული ჭრილობები ჩემი შვილის ტანსაცმელზე და სხეულზე რომლის ფორმებია: სამკუთხედისმაგვარი, ორი გადაბმული რკალისმაგვარი, რომლებიც უტყუარი მტკიცებულებაა იმის, რომ მხოლოდ დანებით არ იყო ჭრილობები მიყენებული. ბავშვი დამიჩეხეს არა მარტო დანებით და ცდილობენ თვალებში ნაცარი შემაყარონ. პროკურატურამ მაქსიმალურად გაანადგურა მტკიცებულებები“, — დაწერა ზაზა სარალიძემ საკუთარ Facebook- გვერდზე.
აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შარშან მოკლული არასრულწლოვნების ხსოვნას.
ზაზა სარალიძის პროტესტს შეუერთდა საზოგადოების ნაწილი, ჟურნალისტები, ადვოკატები, ასევე, ძიუდოისტები, რომლებმაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.
აქციას შეუერთდა პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახიც, რომელიც დღევანდელი დღის გამო პანკისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა.
„ჩემი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი არის გვერდში ამოვუდგე სარალიძეს. ის ადამიანი ვიცი, რომ არის ისე გამწარებული, როგორც მე ვარ და მინდა რომ გამოვხატო ჩემი თანადგომა. ერთადერთი მიზანი ეს არის ჩემი ჩამოსვლის“, — განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი მოზარდი, ხოლო დანაშაულის დაფარვაზე პასუხისგებაში 5 პირია მიცემული.