მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებას „ადეკვატური ზომებით" უპასუხებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის „სამხედრო ათვისებას" რუსეთისთვის საფრთხე უწოდა
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რუსეთი შეშფოთებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებით და საკუთარი უსაფრთხოების გამტკიცებისთვის უფლება აქვს, ადეკვატური ზომები მიიღოს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პრაღაში გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.

„შეხვედრაზე კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. ამიერკავკასიის „სამხედრო ათვისება" რეგიონის გარე ძალების მიერ რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს პარტნიორები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ ფარავენ, რომ მას სწორედ „რუსეთის შესაკავებლად" აიარაღებენ", — ნათქვამია განცხადებაში.

ნატო: ჯერჯერობით უცნობია, სამიტზე საქართველოს რა ფორმით დაუჭერენ მხარს

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ სიტუაციაში რუსულ მხარეს, თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გამტკიცებისთვის, უფლება აქვს, ადეკვატურ ზომებს მიმართოს".

საქართველომ უკვე დიდი ხანია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კურსი აირჩია.

როგორც აპრილის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსი განაგრძობს საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. მან აღნიშნა, რომ საქართველო, აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ნატოს წევრი გახდება. მისი თქმით, საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი პრაქტიკული საშუალება აქვს.

საქართველოს ალიანსისკენ გზაზე მხარს უჭერენ აშშ-ში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს განუცხადეს, რომელიც ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.