თბილისი, 25 მაისი — Sputnik. „ენგურჰესზე" მომხდარი ავარიის გამო თბილისისა და რეგიონების ნაწილი ერთი-ორი საათით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის განცხადებაში.
„ხუთშაბათს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის ქ. თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია", — აღნიშნულია განცხადებაში.
ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონებისთვის მიმდინარეობს ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვისა და იმპორტის ხარჯზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მონაცემებით, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო საქართველოს ელექტროენერგიის ყიდვა სასწრაფოდ მოუწია სამი მეზობელი ქვეყნისგან. ამჟამად საქართველოში ელექტროენერგია შემოდის თურქეთიდან — 300 მეგავატი, სომხეთიდან — 101 მეგავატი და რუსეთიდან — 14 მეგავატი.
სპეციალისტები „ენგურჰესზე" ავარიის მიზეზებს სწავლობენ.
„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.