ავარია „ენგურჰესზე“: დასახელდა პირველი აგრეგატის ჩართვის თარიღი

ჰესის სრული ამოქმედებისთვის სამი-ოთხი დღე შეიძლება დასჭირდეს
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. „ენგურჰესის“ პირველი აგრეგატი 26 მაისს დილით ამუშავდება, ჰესის მუშაობა სრულად უახლოეს დღეებში აღდგება, პირველი არხის ეთერში განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ხუთშაბათს „ენგურჰესის" ავარიულმა გამორთვამ საქართველოს ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, რის შედეგადაც თბილისისა და რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამჟამად დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ხორციელდება.

ავარია „ენგურჰესზე" – ხელისუფლება პირველ კომენტარს აკეთებს

„ენგურჰესზე ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სავარაუდოდ ხვალ დილისთვის შევძლებთ პირველი აგრეგატის ჩართვას, ხოლო შემდეგ სამ-ოთხ დღეში მთლიანად აღვადგენთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ენგურჰესის ტურისტული ზონა მსოფლიო დონის პროექტი გახდება >>

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.