თბილისის მერიას ელექტროავტობუსების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები სურს

საქართველო ელექტროავტობუსების წარმოების აწყობასა და მათ ექსპორტზე გატანას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის მერია გამოდის ინიციატივით, გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი წარმოება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მაისის დასაწყისში თბილისში შემოიყვანეს პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ქალაქში ტესტურ რეჟიმში მოძრაობს. ელექტროავტობუსი დედაქალაქში შემოვიდა პროგრამის ფარგლებში, რომლის თანახმად, საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

როგორც კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს საკითხი უკვე განიხილა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ინიციატივა განსახილველად მალე შევა ქვეყნის პარლამენტშიც.

„მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში", — განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის ქუჩებში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდა

მერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", — აღნიშნა კალაძემ.

ელექროავტობუსების ქარხნის გახსნას თბილისში კომპანია „ფრეგობასი" გეგმავს გერმანულ კომპანია EURABUS-თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად. საქართველოში წარმოებული ავტობუსების გაყიდვა ევროკავშირის ქვეყნებში იგეგმება.